logo
ENG



მელიას თქმით, ოცნების დეპუტატმა დაურეკა და უთხრა, ხმის მისაცემ ღილაკს "თითს არ მივაჭერო"

16 თებ 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/29mqv0ozp14h1h6.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ გუშინ ქართული ოცნების ერთ-ერთი მოქმედი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ეხმიანებოდა და შეხვედრას სთხოვდა. ამაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. მელიას თქმით, ჩიგოგიძემ უთხრა, რომ იმუნიტეტის ჩეწყვეტის კენჭისყრისას ხმის მისახემ ღილაკს "მე თითს არ მივაჭერო".

"ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებ-მეთქი, ვუთხარი, არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავ-თქო. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მე მგონი, ის  ღილაკიც ჩაამტვრია.

ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო ღირსეული ადამიანია. როდესაც უკადრებელს იკადრებ და ყელში ამოუყვან ხალხს და შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, მერე ნათელის მოფენას უნდა ელოდო. [...]

გუშინ მეუბნება, მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება გააკეთებს ამას და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ იმის თქმას, რომ ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირა თქო, მაგრამ კი ვნახეთ, რა გააკეთა", - ამბობს მელია.

მისივე თქმით, ვასილ ჩიგოგიძე სასამართლოში გაიცნო მაშინ, როცა ორივეს ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ედებოდათ ბრალი.

"ამ საქმის ფარგლებში მე გამომაგდეს პარლამენტიდან ოფიციალურად, დამაჯარიმეს. იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ უფლებამოსილების გადამატების მუხლითაც ვერ გამასამართლეს, მაგრამ ეს ადამიანი დღეს არის იქ, სადაც არის. ამ ადამიანს ხელი ჰქონდა ჩამორთმეული, რომ გურიაში კენჭს იყრიდა ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და უცებ გავიხედე, ბოლო სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და დაჯდა და წარადგინეს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად.

მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა ქართულ ოცნებაში. ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო?", - ამბობს მელია.

ფორმულასთან საუბარში დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას მართლაც დაურეკა, თუმცა სხვა თემაზე. მისი თქმით, საუბარი ეხებოდა ნიკა მელიას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც მას ახსენებდა. 

"როგორ შეიძლებოდა, მე დამერეკა მელიასთვის? ნიკა, მე შენი იმუნიტეტის მოხსნაზე არ დავჭერ ხელს-მეთქი, მე დავურეკავდი, მე ვეტყოდი? მაგ თემაზე კიარ დამირეკავს, გუშინწინ იყო გვარამიას გადაცემაში სტუმრად. იქ გააკეთა განცხადება, რომ ვასიკო ჩიგოგიძე არის ასეთი დეპუტატი ოცნებიდან, რომელიც გურიაშიაო, არ ჩამოდის იმიტომ, რომ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობაო. შემდეგ მომმართა, რომ დარწმუნებულია ჩემს ვაჟკაცობაში... ეს რომ ვნახე განვცვიფრდი, ტელეფონის ნომერი დავადგინე, დავურეკე, არ მიპასუხა.

დავურეკე ადვოკატ კონდახიშვილს, ვუთხარი, რომ ვურეკავდი [ნიკა მელიას]. ადვოკატმა მითხრა, [ნიკა მელიას ნათქვამი] ახლა ვერ დაველაპარაკებიო და თუ ხმას არ მისცემს ჩემს წინააღმდეგ, შემდეგ ვნახავ, დავურეკო, თუ არაო. მესიჯი მივწერე, "მე ვაჟკაცად გიცნობ-მეთქი". დამირეკა და მითხრა, არ მინდა საუბარიო, დამიწყო გავრილოვის მხარდაჭერობაზე უაზრო ყვირილი, ვუთხარი, რას მომმართავ ტელევიზიიდან? რა მაქვს დასამალი-მეთქი? არ მაცადა საუბარი და გათიშა ტელეფონი. ეს იყო, მეტი არაფერი", - ყვება ჩიგოგიძე. 

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს:

"მის სახლშიც ნამყოფი ვარ და ისიც არის ნამყოფი ჩემს სახლში. ზაფხულში მომმართა და მითხრა, იქნებ ჩვენ პარტიით კენჭი იყაროო, როგორც კაცმა კაცს ვუთხარი, არ არსებობს ნიკა, შენ რომ გქონდეს პარტია შეიძლება მეფიქრა, არ ვაპირებ, თუარადა "ოცნებით" ვიყრი-მეთქი. აუ, ნეტა ოცნებამ არ დაგიძახოსო". 

16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა  ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის. საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა